თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ქვეყანაში პოლარიზაციის დონეს შეამცირებს და საქართველოს ეყოლება პატრიოტი პრეზიდენტი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიამ ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად აირჩია. მისი ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებაში და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ყაველაშვილის პრეზიდენტობა საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი მომენტი გახდება.
„20 წელიწადზე მეტია საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია და ღირსება, აღნიშნა მან.
„მე მინდა წარმატებები ვუსურვო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასობაში ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მისი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა, შემდეგ განაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების შესახებ, შემდეგ კი სასტიკად გაუსწორდა მათ, ვინც ამას არ ეთანხმება. ისინი უარს ამბობენ საპრეზიდენტო არჩევნების აღიარებაზე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
© photo: Sputnik / Stringer
ამასთან, ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის - ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს ამბობს. „მე აქ ვარ და ვიქნები“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სანამ ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.