თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალურად აირჩიეს.
მისი ინაუგურაცია 2024 წლის 29 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან ერთად, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება ამოიწურება.
მიხეილ ყაველაშვილი
© Courtesy of Mikheil Kavelashvili
ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.
1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.
2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.
მიხეილ ყაველაშვილი
© courtesy of Mikheil Kavelashvili
ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა", შემდეგ კი ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ პარტნიორი გახდა.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მანამდე მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და ამასთან პარტია, რომელსაც ბევრ რამეში მხარს უჭერენ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. ამავე დროს დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ. თავდაპირველად ეს იყო საზოგადოებრივი მოძრაობა, 2024 წლის მარტში კი ის პარტიად გადაკეთდა.
მიხეილ ყაველაშვილი
© Georgian Dream
მათ პირველებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან უსამართლო თავდასხმების სამიზნე გახდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვაზე უარის გამო.
მიმდინარე, XI მოწვევის პარლამენტში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდნენ.