თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში მთავარი საახალწლო ნაძვისხის ანთება გაურკვეველი ვადით გადაიდო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვისხე, პარლამენტის შენობასთან, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე უნდა აენთოთ, თუმცა ნაძვისხის მიმდებარე ტერიტორია საპროტესტო აქციის ეპიცენტრად რჩება. პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი არის შეკრებილი.
„მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე კალაძემ.
მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის, შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით.
როდის შედგება დღესასწაული, ამას მოსახლეობა რამდენიმე დღეში შეიტყობს, განაცხადა მერმა.
28 ნოემბრიდან რუსთაველის გამზირი მუდმივი შეკრების ადგილია მათთვის, ვინც აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, საპროტესტო ტალღა არ წყდება.
აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში პერმანენტულად იმართება, თბილისში კი პროტესტი სისტემატური და მასშტაბური გახდა. პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს "აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის 30-ზე მეტი პირია მიცემული პასუხისგებაში, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 372 პირი.