თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში „მაიდანი“ ჩავარდა და არასოდეს არ შედგება, რადგან საპროტესტო აქციებში მონაწილეთა რაოდენობა მცირდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
28 ნოემბრიდან რუსთაველის გამზირი მუდმივი შეკრების ადგილია მათთვის, ვინც აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, საპროტესტო ტალღა არ წყდება.
„ოთხი პარტია, პლუს ყველაზე მდიდარი NGO-ები ერთად თავს ვერ უყრიან 2000 კაცსაც კი. ეს არის მათი რეალური, მძიმე მდგომარეობა, რაც არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში მაიდანი ჩავარდა და არც არასდროს შედგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში პერმანენტულად იმართება, თბილისში კი პროტესტი სისტემატური და მასშტაბური გახდა. პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
აქციის დაშლა წყლის ჭავლით. 2024 წლის 4 დეკემბრის ღამე
© photo: Sputnik / Stringer
ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს "აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის 30-ზე მეტი პირია მიცემული პასუხისგებაში, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 372 პირი.