თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტში პრეზიდენტის არჩევნები დაიწყო - კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება.
საარჩევნოდ პარლამენტში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ შემოიღეს. ეს ნიშნავს, რომ შენობაში უშვებენ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, უფლებამოსილი პირების მიერ მიწვეულ პირებს, ასევე სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს.
არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური გამზირი და ასევე პარლამენტის მიმდებარე ქუჩაზე იმყოფებიან. თავად პარლამენტის შენობის პერიმეტრი პოლიციის მიერაა შემოსაზღვრული.
არჩევნებს ცესკო ატარებს. სხდომათა დარბაზში კენჭისყრისთვის სპეციალური ურნები უკვე განთავსებულია.
პროცესის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში და სოციალურ ქსელებში მოხდება. არჩევნების შედეგები ცესკოს სხდომაზე შეჯამდება.
ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.
პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა. ის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, „ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილია.
ყაველაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია საქართველოში. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მათი თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა, რომელსაც მან ნდობა გამოუცხადა, არალეგიტიმური ინსტიტუტებია. მათივე თქმით, მომავალი პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება.
„ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არც შეერთებულმა შტატებმა და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობას არ მიულოცეს. რაც შეეხება ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს, მმართველმა პარტიამ მილოცვები მხოლოდ უნგრეთიდან და სლოვენიიდან მიიღო.
ხელისუფლების ოპონენტებში ყაველაშვილის კანდიდატურამ სიცილი გამოიწვია, რადგან ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ გააჩნია. მმართველმა პარტიამ კი პასუხად განაცხადა, რომ ყაველაშვილს დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში და მისი მთავარი უპირატესობა პატრიოტიზმია.
პრეზიდენტის ფიგურა
დღეს პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურაა შეზღუდული უფლებამოსილებით. მაგალითად, პრეზიდენტი თავად წყვეტს ვის შეიწყალებს და იყენებს კანონებზე ვეტოს უფლებას, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია.
სიახლე საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევას უკავშირდება. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში 2018 წლის გაზაფხულზე შევიდა. საქართველო საბოლოოდ გახდება საპარლამენტო რესპუბლიკა მას შემდეგ, რაც მას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აღარ ეყოლება, ადრე განმარტეს კონსტიტუციონალისტებმა.
საარჩევნო კოლეგია
საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება - მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი), აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის 109 წარმომადგენელი.
ცესკოს დადგენილებით, თვითმმართველობის 109 წარმომადგენლიდან 55 - რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 54 - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია.
საარჩევნო კოლეგიის პარტიული შემადგენლობა, გარდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებისა, ასეთია:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 156 წევრი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 56 წევრი
„საქართველოსთვის" - 23 წევრი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ („ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“) – 20
„ძლიერი საქართველო“ („ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“) – 19
„ევროპული საქართველო“ - 2
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ -1
„გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხდება, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე წარადგინა - იგი პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.
რაც შეეხება ოპოზიციას, რიგი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე. ამ დროისთვის უცნობია დათანხმდებიან თუ არა ისინი დაესწრონ პრეზიდენტის არჩევის პროცედურას.
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე, 40 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში არანაკლებ 15 წელი.
საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს უფლება ეკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მიიღოს ხელფასი ან სხვა მუდმივი ანაზღაურება სხვა რაიმე საქმიანობისგან.
საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.
ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი?
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.
ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.
1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.
2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კ ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.
ოპოზიციის პოზიცია
ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი არალეგიტიმურს უწოდებენ როგორც ახალ პარლამენტს, ასევე მთავრობას, რომელსაც ამ პარლამენტმა ნდობა 28 ნოემბერს გამოუცხადა.
მათი თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, შემდეგ სასტიკად გაუსწორდა მათ, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება და ოპოზიცია, თავისი უცხოელი პატრონების დავალებით, ცდილობს საქართველოში მაიდანის მოწყობას.
საქართველოში, 28 ნოემბერს, ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოხსნან, საპროტესტო ტალღა დაიწყო. აქციები რეგულარულად იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, თბილისში კი პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. პირველ დღეებში პარლამენტთან მასიურად ხდებოდა არეულობები.