პაპუაშვილი: მინდა მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, აღიარონ ქართველი ხალხის ნება

Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. მოვუწოდებთ ყველას აღიაროს ქართველი ხალხის ნება, ესაა ტესტი ევროკავშირისთვის, დარჩება ის ერთგული დემოკრატიული ფასეულობების თუ აირჩევს იმ ქვეყნების გზას, რომლებიც ცდილობენ სხვა ხალხებს მოახვიონ საკუთარი ნება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის არჩევის პროცედურის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.
დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები ტარდება - პრეზიდენტს არა მოსახლეობა, როგორც ადრე, არამედ 300 ადამიანისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრის პროცედურა 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდება.
„დღეს საქართველო არის ევროკავშირისთვისაც ტესტი. უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ის ერთგული არის დემოკრატიული ღირებულებებისა და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტის. ამ ტესტს აბარებს დღეს ევროკავშირი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ქმედებიდან ჩანს, რომ მათთვის დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო სხვა ქვეყანაში გულისხმობს საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე.
„ერთადერთი მოწოდება, რაც უნდა ისმოდეს ჭეშმარიტი ევროპელებისგან, ეს არის მოწოდება 4 პარტიის მიმართ, რომ მათ საკუთარი მანდატი მიიღონ და განახორციელონ საკუთარი ამომრჩევლების ნება პარლამენტის კედლებს შიგნით. საპარლამენტო რესპუბლიკაში პოლიტიკა კეთდება პარლამენტის კედლებს შიგნით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არც შეერთებულმა შტატებმა და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობას არ მიულოცია. რაც შეეხება ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს, მმართველმა პარტიამ მილოცვები მხოლოდ უნგრეთიდან და სლოვენიიდან მიიღო.
12 დეკემბერს ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიანე, მიჰალ შჩერბა, ნატალი ლუაზო, ბერნარ გეტა, ტობიას კრემერი, რენიე ვან ლონშონი თბილისში ჩამოვიდნენ და დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. როგორც რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, საჭიროა განმეორებითი არჩევნების ჩატარება ნეიტრალური ადმინისტრაციის პირობებში, დასანქცირდნენ ის პირები, ვინც არამარტო არჩევნები მოიპარა, არამედ ახლაც ქუჩებში ადამიანებს უსწორდება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინ ევროპარლამენტის წევრებმა დახურული შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ განაცხადა ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ და ახლა სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
როგორც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მიჰალ შჩერბამ განაცხადა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მაგრამ, მისი თქმით, ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას არ იღებენ.
ოპოზიციის პოზიცია
ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი არალეგიტიმურს უწოდებენ როგორც ახალ პარლამენტს, ასევე მთავრობას, რომელსაც ამ პარლამენტმა ნდობა 28 ნოემბერს გამოუცხადა.
მათი თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, შემდეგ სასტიკად გაუსწორდა მათ, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება და ოპოზიცია, თავისი უცხოელი პატრონების დავალებით, ცდილობს საქართველოში მაიდანის მოწყობას.
საქართველოში, 28 ნოემბერს, ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოხსნან, საპროტესტო ტალღა დაიწყო. აქციები რეგულარულად იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.