საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია

მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს.
მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს.
„ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ" წარადგინა. ის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მათი თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა, რომელსაც მან ნდობა გამოუცხადა, არალეგიტიმური ინსტიტუტებია. მათივე თქმით, მომავალი პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება.
საქართველოში პირველად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევდა. ხმის მიცემის პროცედურა პარლამენტში 9:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდა.
არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
პრეზიდენტის არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. დილით აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური გამზირი და ასევე პარლამენტის მიმდებარე ქუჩა. თავად პარლამენტის შენობა პოლიციის მიერაა შემოსაზღვრული.
პრეზიდენტის ფიგურა
დღეს პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურაა შეზღუდული უფლებამოსილებით. მაგალითად, პრეზიდენტი თავად წყვეტს ვის შეიწყალებს და იყენებს კანონებზე ვეტოს უფლებას, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია.
სიახლე საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევას უკავშირდება. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში 2018 წლის გაზაფხულზე შევიდა. საქართველო საბოლოოდ გახდება საპარლამენტო რესპუბლიკა მას შემდეგ, რაც მას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აღარ ეყოლება, ადრე განმარტეს კონსტიტუციონალისტებმა.
ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი?
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.
ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.
1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.
2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კი ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.