მდინარაძე: ყაველაშვილი მშვენიერი პრეზიდენტი იქნება

საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში ყაველაშვილი სიმბოლური ფიგურა იქნება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსის განსაზღვრა მისი პრეროგატივა არ იქნება, აღნიშნეს „ქართულ ოცნებაში“
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. მიხეილ ყაველაშვილი იქნება მშვენიერი პრეზიდენტი, მისი სიმბოლური უფლებამოსილების გათვალისწინებით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიამ ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად აირჩია. მან 224 ხმა მიიღო.
„ეს სიმბოლური, ხშირ შემთხვევაში, ცერემონიული უფლებამოსილებაა, რაც რეალურ უფლებამოსილებაში ერევათ ადამიანებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წინამორბედებმა პრეზიდენტის თანამდებობის შესახებ ცრუ წარმოდგენა შექმნეს.
„ეს აღქმები სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წინამორბედმა იმდენად არასწორად გააჩინეს, რომ ახლა კრიტიკაც კი ჯერ კიდევ კანდიდატისა არის არასწორი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მიხეილ ყაველაშვილი
მდინარაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში ყაველაშვილი სიმბოლური ფიგურა იქნება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსის განსაზღვრა მისი პრეროგატივა არ იქნება.
„ყველაფერი შეუძლია იყოს მისი პიროვნული და პროფესიონალური თვისებებიდან გამომდინარე, მაგრამ საერთოდ არ არის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმოება პრეზიდენტის საქმე, ანუ აქ ის იგულისხმება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს, განახორციელებს, აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს და იქნება წარმოდგენილი, როცა ამის სპეციალურ ნებართვას საქართველოს მთავრობა გასცემს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, იგივე ეხება უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობას.
მამუკა მდინარაძე
„როდესაც საუბრობენ მთავარსარდალზე, მიხეილ ყაველაშვილი მშვენიერი მთავარსარდალი იქნება, მაგრამ ესეც აღქმულია თითქოს ჯარს უნდა უხელმძღვანელოს. იმდენად სიმბოლურია პრეზიდენტის ეს კომპეტენცია, რომ მას არ სჭირდება სპეციალური ცოდნა ჯარის შენაერთების გადაადგილების თუ სამხედრო ოპერატიული ტაქტიკის შესახებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ხელისუფლების ოპონენტებისთვის ყაველაშვილის კანდიდატურა ღიმილისმომგვრელია, რადგან ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ აქვს. მმართველმა პარტიამ კი პასუხად განაცხადა, რომ ყაველაშვილს დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში და მისი მთავარი უპირატესობა პატრიოტიზმია.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ამასთან, ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის - ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს ამბობს. „მე აქ ვარ და ვიქნები“ - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სანამ ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.