თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მიიღო „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა თანახმადაც სალომე ზურაბიშვილს უახლოეს მომავალში საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს საქართველოს პარლამენტის 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციამ, რომელმაც 61 მანდატი მიიღო, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა.
ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს ან პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ პირადი დაცვა არ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს მის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევას ან დანაშაულის ნიშნების არსებობას მის ქმედებებში, ან თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მის მიერ დანაშაულის ჩადენას მოჰყვა.
სახელმწიფო დაცვა საქართველოს პირველ პირებს უფლებამოსილების ამოწურვიდან კიდევ ერთი წლის განმავლობაში ეკუთვნით.
ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს, ან მიღებიდან ათი დღის შემდეგ დოკუმენტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.
სიახლე ზურაბიშვილს იმის გამო შეეხება, რომ 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაადასტურა, რომ მან ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტის დროს იგი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ახორციელებდა წარმომადგენლობით ფუნქციებს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტი.
მმართველი პარტიის დეპუტატებმა ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან 31 აგვისტოს დაიწყო საზღვარგარეთის ტური და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები მთავრობის თანხმობის გარეშე. მინისტრთა კაბინეტმა ვიზიტის ნებართვის მიცემაზე უარი იმით ახსნა, რომ ხელისუფლებამ მის მიმართ ნდობა დაკარგა. თავის მხრივ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში გამგზავრების მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა, ვინაიდან წინა მოწვევის პარლამენტში მმართველ პარტიას არ გააჩნდა ამისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო უმრავლესობა - მინიმუმ 100 დეპუტატი (2/3).
„ქართულ ოცნებას” ამ რაოდენობის ხმა არც მე-11 მოწვევის პარლამენტში აქვს, რომელიც 25 ნოემბერს შეიკრიბა. წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია ამომრჩევლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ზურაბიშვილის იმპიჩმენტს დაჰპირდა.
ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება. ორი დღით ადრე, 14 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
პირველად საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა. ის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, „ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილია.
ინაუგურაცია 29 დეკემბერს არის დაგეგმილი.
ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი არალეგიტიმურს უწოდებენ როგორც ახალ პარლამენტს, ასევე მთავრობას, რომელსაც ამ პარლამენტმა ნდობა 28 ნოემბერს გამოუცხადა.
მათი თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, შემდეგ სასტიკად გაუსწორდა მათ, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება და ოპოზიცია, თავისი უცხოელი პატრონების დავალებით, ცდილობს საქართველოში მაიდანის მოწყობას.
საქართველოში, 28 ნოემბერს, ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოხსნან, საპროტესტო ტალღა დაიწყო. აქციები რეგულარულად იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, თბილისში კი პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. პირველ დღეებში პარლამენტთან მასიურად ხდებოდა არეულობები.