შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ოცამდე მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, ვიზების გაცემა იკრძალება იმ პირებზე, „რომლებიც პასუხისმგებელნი არიან და მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლაში“. სავიზო შეზღუდვები შეეხო მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს.
„შეერთებული შტატები მტკიცედ გმობს პარტია „ქართული ოცნების“ განგრძობად, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ - საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და ოპოზიციონერების ჩათვლით. „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის სურვილია და რასაც საქართველოს კონსტიტუციაც ითვალისწინებს. <...> ჩვენ, ქართველი ხალხის მსგავსად, გვსურს ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც მყარად ინტეგრირდება ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში“, — ნათქვამია აშშ-ის სახდეპის განცხადებაში.
გარდა ამისა, აშშ ამზადებს დამატებით ზომებს, მათ შორის სანქციებს.
"ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის მტკიცე გადაწყვეტილებას და ემატება ადრე გამოცხადებულ ზომებს, რომლებიც შეეხო "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს", – აღნიშნულია განცხადებაში.