თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.
„ყოველი ადამიანი - დიდი თუ პატარა - უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! და ამის გათვალისწინებითაც განსაზღვროს თავისი ნაბიჯები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, პატრიარქის აზრით, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია, კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი.
„ჩვენი პრობლემა დღეს ისიცაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ; გვავიწყდება, რომ უსიყვარულობა, ცინიზმი, უპატივცემულობა ... რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილისათვის ჩვევად იქცა, დამღუპველი ცოდვებია; (ამის გამოვლინებაა სიძულვილის ენა და ფიზიკური ანგარიშსწორება)“, - ნათქვამია განცხადებაში.
ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით... ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ და საკუთარ თავსაც და სახელმწიფოსაც მხოლოდ დავაზარალებთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი სიყვარული? აღნიშნავს პატრიარქი.
„მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ. დღესაც, მუდმივად შევთხოვ უფალს, მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი. ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს; ამიტომაც მოგმართავთ: საქართველოს კეთილდღეობისათვის გავერთიანდეთ ლოცვით, რათა ღვთის შეწევნითა და შინაგანი მშვიდობით შევძლოთ მართებული ნაბიჯების გადადგმა“, -ნათქვამია განცხადებაში
როგორც განცხადებაშია აღნიშნული , ერთობლივ ლოცვებს დიდი ძალა აქვს.
„საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, ხოლო საქართველოსა და უცხოეთში მყოფ მრევლს გთხოვთ (პირად კანონთან ერთად), დღის განმავლობაში ილოცოთ: „მამაო ჩვენო“, 90-ე ფსალმუნი, „მოწყალებისა კარი განგვიღე“, „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“ (3-ჯერ), ასევე, წმ. ანდრია მოციქულის, წმ. ნინოს, წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის ტროპარები და ბოლოს „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებასა და განვითარებას? აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს საქართველოს ეკლესიის დამაარსებლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. ასევე, ხსენების დღეა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის, პეტრე I და სამოელ I კათოლიკოსების.
„მათი და საქართველოს მფარველ სხვა წმინდანთა მეოხებით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობით ინებოს ღმერთმა ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა“, - აღნიშულია განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.