საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული კავშირის პრეზიდენტი გახდება

ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება, ეს ფუნქცია საქართველოს როტაციით ენერგეტიკული გაერთიანების 22-ე მინისტერიალის საბჭოს სხდომაზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადმოეცა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველო, როგორც პრეზიდენტი ქვეყანა, 2025 წლის განმავლობაში შეძლებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს ენერგეტიკული გაერთიანების დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებათა დაგეგმვასა და განსახილველი საკითხების შემუშავების პროცესში.
22-ე მინისტერიალის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გაერთიანების ქვეყნებში განახლებადი ენერგიების განვითარებაზე, ენერგოეფექტურობისა და დეკარბონიზაციის ამოცანების შესრულებასა და ახალი რეგულაციების შემუშავებაზე, რომელმაც უნდა შეუწყოს ხელი, ერთი მხრივ, ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და მეორე მხრივ, გააძლიეროს ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგოდაკავშირებადობა.
საქართველოს ენერგეტიკული კავშირის წევრი 2017 წელს გახდა.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.