დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს ლეგიტიმაციას - ჰერჩინსკი მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე

ჰერჩინსკის ბოჭორიშვილთან ხელის ჩამორთმევამ საქართველოს პრეზიდენტი და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აღაშფოთა.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს აღიარებას, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ოპოზიციის, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის კრიტიკის საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ხელის ჩამორთმევის გამო.
ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მათი თქმით, არსებული პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმურია.
„მე ვარ დიპლომატი. ჩემი როლიდან გამომდინარე, უნდა მქონდეს საკომუნიკაციო არხები ღია, რათა ყველასთან ვისაუბრო. დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს აღიარებას. დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს არაღიარებას. მე ვხვდები და ვესაუბრები ყველას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ის საუბრობს მათთან, ვისთანაც თანხმდება და მათთანაც, ვისაც არ ეთანხმება.
„როგორც დიპლომატი, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ვიცი, რომ მთავრობამ გამაკრიტიკა, ასევე პრეზიდენტმა. მე გამაკრიტიკა ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმაც“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ხმა უნდა აღიმაღლოს.
„ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა და მე გამოვიყენებ ყველა კავშირის, ყველა კონტაქტს, რათა წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. მე პოლიტიკოსი არ ვარ, არ მჭირდება არჩევა ან ხელახლა არჩევა. ეს არ უკავშირდება ჩემს პოპულარობას, ეს უკავშირდება ჩემს საქმეს, რომელსაც ვაკეთებ“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
ელჩმა აღნიშნა, რომ მისი საქმეა აღიმაღლოს ხმა მაშინ, როდესაც ხედავს ძალადობას, სისასტიკეს, უკანონო დაკავებებს.
„სწორედ ეს თემა წამოვწიე, როდესაც გამომიძახეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დიახ, მე მთხოვეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
ელჩი ყურადღების ცენტრშია
9 დეკემბერს ევროკავშირის ელჩის და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია იმ ევროპელ პოლიტიკოსებში, რომლებიც ქართულ ოპოზიციას უჭერენ მხარს.
„გრცხვენოდეთ, პაველ ჰერჩინსკი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“, – დაწერა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა სოციალურ პლატფორმა X-ზე. მან ასევე მოუწოდა თავის კოლეგებს ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტებიდან, ასევე ევროპარლამენტარებს ეს გზავნილი გააზიარონ.
ევროკავშირის ელჩი ასევე ევროდეპუტატმა ლატვიიდან რიჰარდ კოლსმა გააკრიტიკა.
„ერთ დღეს დაგმეს მოპარული არჩევნები საქართველოში, მეორე დღეს ჩამოართვეს ხელი რეჟიმს. ელჩი ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევა არ არის მხოლოდ ჟესტი - ეს არის კრემლის „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლი. რამდენჯერ უნდა გამოუცხადოს ევროკავშირმა სანდოობა მათ პროპაგანდას? მიუღებელია“, - დაწერა რიჰარდ კოლსმა Х-ში.
არანაკლებად ხისტი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ელჩებთან შეხვედრა დაიწყო პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და „დე ფაქტო“ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის „მიუღებელი“ ხელის ჩამორთმევის გამო.
„ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს“, - დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში და გააზიარა ევროკავშირის წარმომადგენლობის პოსტი: „მის (ზურაბიშვილის - რედ.) მუშაობას საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დაცვის კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.
მმართველ პარტიაში ამ რეაქციას ევროკავშირის ელჩის ბულინგი უწოდეს.
„ჰერჩინსკის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო აბულინგებდნენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ჩვენ აქედან დავიცავით ის ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, რა პოზიციებს იჭერს. ჩვენ დავიცავით ჰერჩინსკი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვინდა ასეთი ლეგიტიმაცია, მთავარია ხალხის ლეგიტიმაცია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, „აგენტურული ოპოზიცია“ თავისი უცხოელი პატრონების გავლენებით ვიღაცას რაღაცას ალაპარაკებს და საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას დე ფაქტოს უწოდებს.
ამასთან მდინარაძემ აღნიშნა, რომ ჰერჩინსკი როგორც პიროვნება კარგი ადამიანია და ის უბრალოდ დირექტივის შესაბამისად მოქმედებს.
ჰერჩინსკის და ბოჭორიშვილის შეხვედრაზე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის რეაქციიდან გამომდინარე თვალსაჩინოა ის ძლიერი ზეწოლა, რომელსაც ელჩი განიცდის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.