თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო, რომელთაგანაც ერთ-ერთი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, საბაჟო გამშვები პუნქტების „სადახლო-საავტომობილოს“ და „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა 119.138 ლარის საბაჟო ღირებულების, საერთო ჯამში, 880.57 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.