თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობასთან მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე აინთება, განაცხადა პირდაპირი ჩართვის დროს თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთება 6 დეკემბერს იგეგმებოდა, მაგრამ 28 ნოემბრიდან პარლამენტის შენობის წინ ხელისუფლების გადაწყვეტილებით - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღება - უკმაყოფილო მოქალაქეები იკრიბებიან. ოპოზიცია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
„მინდა, მივაწოდო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება შაბათს, 14 დეკემბერს და მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები. მინდა გითხრათ, რომ თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე ლამაზი საახალწლოდ მორთული ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მერმა განაცხადა, პატარა თბილისელებს ელოდება ნამდვილი დღესასწაული, და შესაბამისი სამსახურები ამისათვის ყველა პირობას შექმნიან.
მისი თქმით, ქვეყანაში სულ მალე მშვიდობა, პროგრესი დაისადგურებს და ევროინტეგრაციის გზაზე შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.
„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ არიან გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობდნენ. თუმცა, მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და გითხრათ, რომ ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძემ ქალაქის მცხოვრებლები მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე დაპატიჟა.
„შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. რაც მთავარია, აუცილებლად ჩაიცვით თბილად, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები“, - განაცხადა მერმა.
თბილისის მერიამ დედაქალაქის ქუჩებში საახალწლო განათების მონტაჟი 12 ნოემბერს დაიწყო. სხვადასხვა განათებები და კონსტრუქციები სულ 90 ქუჩაზე და 30 მოედანზე დამონტაჟდა.
საპროტესტო აქციები თბილისის ცენტრში უკვე მე-15 დღეა გრძელდება. წუხელ ანტისამთავრობო აქციამ ჩაიარა მშვიდად, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკების გარეშე.