პოზიტიური ნაბიჯი თუ ბოლო გაფრთხილება - რეაქციები ივანიშვილის და მაკრონის საუბარზე

მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბარი მაკრონის ინიციატივით შედგა.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი მმართველმა გუნდმა პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა, ოპოზიციამ კი დასავლეთის სანქციების დაწესებამდე ბოლო გაფრთხილებად შეაფასა.
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბარი მაკრონის ინიციატივით შედგა. საფრანგეთის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.
„ფაქტობრივად, მაკრონის პირით მოხდა იმ რეალობის აღიარება, რომ ქვეყანას სჭირდება რეალურად დამშვიდება და ამ აქციებიდან პოლიტიკურ პროცესში გადასვლა“, - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თუ ოპოზიცია მოახერხებს, რომ დაუბრუნდეს პოლიტიკურ პროცესს, არჩევნების შედეგები მიიღოს და თავისი ამომრჩევლის განაწესი აღასრულოს, ძალიან კარგი იქნება, აღნიშნა დეპუტატმა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
„საფრანგეთმა გამოიჩინა ინიციატივა, საქართველოში სიტუაციის დასარეგულირებლად მონაწილეობა მიიღოს. მას წინაპირობად ისეთი საკითხი, რომ ქართველი ერის ნება იყოს უგულებელყოფილი, არ დაუყენებია“, - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ასეთი საკითხის დაყენება იმთავითვე გამორიცხავდა თემის დაძვრასაც კი, აღნიშნა დეპუტატმა.
„ასე, რომ სწორი მიმართულებაა, მინდა იმედი ვიქონიო, რომ განვითარებაც სწორი იქნება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
ის პოზიცია, რომელიც მაკრონის მხრიდან გამოითქვა, გარკვეული დიალოგის და მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად, რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
„პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ ნებისმიერი ხასიათის დიალოგისთვის. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ არა მხოლოდ საქართველოსთვის არის ევროპა მნიშვნელოვანი და ევროპაში ინტეგრაცია, არამედ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა არის საქართველო. ეს დადასტურდა არაერთხელ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
საერთაშორისო ურთიერთობებში სტანდარტი ასეთია - ნებისმიერ საკითხზე როცა იწყება საუბარი, უკვე ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს და რა მანძილიც არ უნდა იყოს გასავლელი, პირველი ნაბიჯები გადასადგმელია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
„რაღაც საკითხებზე შეიძლება, შეთანხმდნენ, რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ თავად კეთილგანწყობა, სურვილის გამოხატვა, რომ ეს ვითარება დარეგულირდეს, დესტაბილიზაციას და ცეცხლს არ მიეცეს საქართველო, ამაში პოზიტიურის მეტი არაფერია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ოპოზიციის რეაქცია
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო ზარს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან „ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის ბოლო გაფრთხილება იყო.
„დარწმუნებული ვარ ეს იყო ბოლო გაფრთხილება საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან, რომლის ქვეყნის მოქალაქეც არის თავად ივანიშვილი, რომელმაც, სავარაუდოდ, შესთავაზა მას უსაფრთხოების გარანტიები და თუ ივანიშვილმა ეს გარანტიები არ მიიღო და უარი განაცხადა, შემდეგი ნაბიჯი იქნება სანქციები“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ეს სანქციები შეიძლება ივანიშვილისთვის არ იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, თუმცა რეჟიმის რღვევისთვის, რაც ნამდვილად უკვე დაწყებულია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, აღნიშნა ბოკუჩავამ.
„ივანიშვილი ესეთ იზოლაციაში დიდხანს ვერ გაძლებს და მოუწევს ახალი არჩევნების ჩანიშვნა“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ არ აღიაროს ახლადარჩეული პარლამენტის ლეგიტიმაცია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ის ხალხი აძლევს, ვინც მათ ირჩევს.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამიტომაც არც აშშ-მ და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ მიულოცეს.
ევროკავშირის ქვეყნებიდან მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ უნგრეთმა და სლოვენიამ მიულოცეს.
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარა როგორც ეუთო/ოდირმა, რომელიც არის არჩევნების შეფასების მთავარი ინსტიტუტი მსოფლიოში, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები აღარ შეიძლება იყოს.
რაზე ისაუბრეს მაკრონმა და ივანიშვილმა
ბიძინა ივანიშვილმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.
მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.
ვანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი, აღნიშნულია განცხადებაში.
მოგვიანებით პარტიამ ივანიშვილისა და მაკრონის სატელეფონო საუბრის დამატებითი დეტალები გაავრცელა. პარტიაში დაადასტურეს, რომ მაკრონმა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი დააყენა. საპასუხოდ, ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს განუმარტა, რომ დაკავებულთა უმეტესობა ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და ყველა მათგანი უახლოეს მომავალში გათავისუფლდება.
რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულებს, მაკრონს განუმარტეს, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს.
ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს.
4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
ამასთან, 10 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე საპროტესტო მუხტის აწევის მიზნით გეგმავენ სიტუაციის იმდენად გამწვავებას, რომ ამას მოჰყვეს მსხვერპლი და 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.