ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება - კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს

2023 წლის ოქტომბერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია.
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებს, რომლის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვით ვეღარ ისარგებლებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიცია, რომელმაც 61 მანდატი მიიღო, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში არ მონაწილეობს. მათ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს.
ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახურით ვერ ისარგებლებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მათ მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მათ ქმედებაში დანაშულის ნიშნების არსებობა, ან თუ უფლებამოსილების შესწყვეტა გახდა დანაშაულის ჩადენის შედეგი.
კანონის თანახმად, სახელმწიფო დაცვით სარგებლობა შეუძლიათ სახელმწიფოს პირველ პირებს უფლებამოსილების ამოწურვიდან ერთი წლის განმავლობაში.
2023 წლის ოქტომბერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაადასტურა, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" პუნქტი.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
მაშინ იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ინიციატორებს - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" წარმოადგენდა - პარლამენტში საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად.
ხმების აღნიშნული რაოდენობა „ქართულ ოცნებას" არც მე-11 მოწვევის პარლამენტში აქვს, რომელიც უფლებამოსილების აღსრულებას 25 ნოემბერს შეუდგა. წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია ამომრჩევლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ზურაბიშვილის იმპიჩმენტს დაჰპირდა.
ზურაბიშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს იწურება.
ახალ პრეზიდენტს 300 ადამიანისგან დაკომპლექტებული კოლეგია აირჩევს. მასში შედის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი), აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის 109 წარმომადგენელი.
საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.
პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ მმართველმა პარტიამ დაასახელა - იგი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.