თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის ოქტომბერში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,8%-ით, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით 6,3%-ით გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
დედაქალაქში ოქტომბერში გაიყიდა 3,7 ათასი ბინა. მკვლევარების თქმით, დეველოპერების გამოკითხვის თანახმად, ოქტომბერში თბილისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შენელდა, რაც შიდაპოლიტიკური არასტაბილურობით არის განპირობებული.
G&T-ის ინფორმაციით, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინები (51-80 მ2) დომინირებდა, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო. გარდა ამისა, შეინიშნება ბიუჯეტური კლასის ბინების (<$1,000 მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
ოქტომბერში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორში, ყველაზე ნაკლები კი მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და ვაშლიჯვარში.
ამასთან, ბინების ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდის რაიონში დაფიქსირდა - კვადრატულ მეტრზე 2.650 დოლარი, შემდეგ მოდის ვაკე - 2.207 დოლარი და საბურთალო - 1.534 დოლარი კვადრატულ მეტრზე.
ყველაზე დაბალი ფასები დაფიქსირდა გლდანში - კვადრატულ მეტრზე 1.033 დოლარი, დიდ დიღომში - 1.023 დოლარი და ვაშლიჯვარში - 962 დოლარი.
ასევე, კვლევის მიხედვით, ოქტომბერში თბილისში გაყიდული ბინების ღირებულებამ 289,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18,3%-ით მეტია 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით და 5,4%-ით მეტი წინა თვესთან შედარებით. ზრდა განპირობებული იყო გაზრდილი ტრანზაქციებით.
მთლიანობაში, 2024 წლის ათ თვეში 2,518 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (+4,3% წ/წ).
2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების მიყიდვის ტენდენცია შეიცვალა. რუსეთის მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში 7%-დან 2%-მდე შემცირდა, ხოლო ისრაელის მოქალაქეების წილი 4%-დან 11%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ შესყიდვების მზარდი წილი ბაზრის დივერსიფიკაციაზე მიუთითებს.
იანვარ-ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,3%-ით გაიზარდა.