თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლება ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის კურსის ცვლილებით და აპირებს გამოიყენოს ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა ქვეყანას პასუხისმგებლობა დააკისროს, როგორც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ისე, შესაძლოა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა.
9 დეკემბერს საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ მკაცრად გმობს ბოლო დღეებში „ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლებსა და საქართველოს მოქალაქეებზე. ბლინკენის განცხადებაზე დაყრდნობით საელჩოში განაცხადეს, რომ აშშ ემზადება გამოიყენოს მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალება, სანქციების ჩათვლით, რათა უზრუნველყოს „ძალადობაში დამნაშავე და ძალადობის ვითარების შექმნის ხელშემწყობი პირების" მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.
„ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომელსაც ორივე პარტია უჭერს მხარს. ასევე, როდესაც მიზანშეწონილია, ახალ ზომებს ვავითარებთ, იმ დროში, რომელიც ამ ადმინისტრაციას დარჩა და პოტენციურად ახალი ადმინისტრაციისთვისაც", - განაცხადა მილერმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არ აპირებს ისაუბროს ახალ პოტენციურ სანქციებზე, რომლებსაც საქართველოს ოფიციალური ან კერძო პირების წინააღმდეგ შემოიღებენ.
„ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ ღრმად შეშფოთებული ვართ მიმართულების ცვლილებაზე, რონელიც საქართველის მთავრობამ განახორციელა. თქვენ ნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება გასულ კვირას, რომელმაც თქვა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა საქართველო პასუხისმგებელი იყოს ამ ნაბიჯებზე - მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით", - განაცხადა მილერმა.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება სანქციები და ვისკენ იქნება მიმართული, ამისთვის მოგიწევთ, დაელოდოთ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებას, დასძინა მილერმა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი აღარ იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველოს ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადეს მმართველ გუნდში.
ხელისუფლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით მათ ცალკეულ ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს შანტაჟის ინსტრუმენტი გამოაცალეს. როგორც „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, თავიდან საქართველოს აშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსის თემით, ხოლო ამ სტატუსის ერთი წლის დაგვიანებით მინიჭების შემდეგ კი მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე გადავიდნენ.
30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ძირითადი პრინციპები დაარღვია. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას 2009 წელს მოეწერა ხელი.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის ერთგულებაზე, აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევაზე.
ამის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ცდილობს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს საუბარს.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს 2025 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.