ძლიერი თოვა, ქარბუქი და შტორმი ზღვაზე: გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში 12-14 დეკემბერს ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5-ბალიანი შტორმული ღელვა.
14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.