თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის ხარჯვითი ნაწილი 27 მლრდ ლარს აჭაბებს.
ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებებს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის განახლებულ მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მომავალი წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესახებ, მათ შორის პროგნოზებს საქართველოს მიმართ.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 9%-მდე გაზრდა. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი პროგნოზირებულია 90,9 მლრდ ლარის დონეზე. ბოლო პროგნოზით ის 89,98 მლრდ ლარს შეადგენდა.
ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტის პროგნოზი 2,5%-ის დონეზე დადგინდა, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის დაახლოებით 36,8% იქნება.
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები
დამტკიცებული კანონის მიხედვით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით 1,1 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 25,7 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, შემოსავლები 995 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 21,7 მლრდ ლარს მიაღწევს.
რაც შეეხება ბიუჯეტის გასავლის ნაწილს, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 900 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 26 მლრდ ლარს მიაღწევს.
ვინ მიიღებს მეტ თანხას
გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 8,1 მლრდ ლარს შეადგენს.
ამ სახსრების ძირითადი ნაწილი მოხმარდება სოციალურ პროგრამებს, კერძოდ, ასაკობრივი პენსიონერების პენსიების გაზრდას, მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, ექთნებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ხელფასების გაზრდას.
2024 წლის საბოლოო პროგნოზის თანახმად, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 3,747 მლრდ ლარი იქნება და თანხები მოხმარდება გზების მშენებლობას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, წყალმომარაგების სისტემის განახლებას, სკოლების, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის რემონტსა და მშენებლობას.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი 2024 წლის საბოლოო პროექტის თანახმად დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარი იქნება, საიდანაც თანხა საერთაშორისო სახსრების შემცირების ხარჯზე სკოლების დაფინანსებას მოხმარდება.
ბიუჯეტის ზრდა გათვალისწინებულია კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის, რომლის დაფინანსება 506,5 მლნ ლარი იქნება, საიდანაც თანხა მოხმარდება წარმატებული სპორტსმენების ჯილდოებისა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის დაფინანსებას.
ბიუჯეტის ზრდა ასევე გათვალისწინებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, რომელთა ბიუჯეტებიც იქნება 738 მლნ ლარი და 782,3 მლნ ლარი, ხოლო დამატებითი თანხები გადაირიცხება იმ პროგრამებზე, რომელთა საერთაშორისო დაფინანსებაც შემცირდა.
1,6 მლრდ ლარამდე გაიზრდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიც. დამატებითი თანხები მოხმარდება თავდაცვისუნარიანობის, ინფრასტრუქტურის, სამხედროების წახალისებას და სხვა პროექტების გაუმჯობესებას.
მცირედით გაიზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროების დაფინანსება.