საქართველოში საპროტესტო აქციებზე რუსეთის 15 მოქალაქე დააკავეს

10 დეკემბრის მდგომარეობით, 13 პირი გათავისუფლებულია, ორს კი სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან, 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში პოლიციამ რუსეთის 15 მოქალაქე დააკავა, 10 დეკემბრის მდგომარეობით დაკავებულთა უმრავლესობამ დროებითი მოთავსების იზოლატორები დატოვა, ნათქვამია შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
„28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის 15 მოქალაქე დააკავეს. 10 დეკემბრის მდგომარეობით, მათგან 13 გათავისუფლებულია, ორს კი სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, რომლის ვადა 11 და 13 დეკემბერს ეწურებათ", - ნათქვამია განცხადებაში.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.