პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო

საბოლოო ვარიატის თანახმად, 2025 წლის ბიუჯეტში შემოსულობები, დაახლოებით 27,6 მლრდ ლარი იქნება.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომლის ხარჯვითი ნაწილი 27 მლრდ ლარს აჭარბებს.
ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.
სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის განახლებულ მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მომავალი წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესახებ, მათ შორის პროგნოზებს საქართველოს მიმართ.
2025 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი

მაჩვენებელი

პროგნოზი 2024

პროგნოზი 2025

ეკონომიკური ზრდა, %

9,0

6,0

დეფლატორი, %

3,1

3,0

მშპ-ის მოცულობა, მლრდ დოლარი

90,89

99,23

შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი

23,26

25,30

სახბიუჯეტის ხარჯები, %მშპ-სთან

2,5

2,5

პროექტის თანახმად, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის გაზრდა 6%-მდე. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი პროგნოზირებულია 99,2 მლრდ ლარის დონეზე. ბოლო პროგნოზით ის 90,9 მლრდ ლარს შეადგენდა.
ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტის პროგნოზი 2,5%-ის დონეზე დადგინდა, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის დაახლოებით 35,9% იქნება.
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები
წარმოდგენილი საბოლოო ვარიატის თანახმად, 2025 წლის ბიუჯეტში შემოსულობები, დაახლოებით 27,6 მლრდ ლარი იქნება.
ამასთან, შემოსავლები დაახლოებით 23,4 მლრდ ლარს შეადგენს.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები

მაჩვენებელი

2024

2025

შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

25 696,0

27 560,7

საგადასახადო შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

20 190,0

21 885,0

გრანტები

266,0

199,9

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები

25 930,4

27 941,7

რაც შეეხება ბიუჯეტის გასავლის ნაწილს, პროექტის თანახმად, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 2,9 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 27,6 მლრდ ლარს მიაღწევს.
ვინ მიიღებს მეტ თანხას
გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 8,8 მილიარდი ლარი იქნება.
ამ სახსრების ძირითადი ნაწილი მოხმარდება სოციალურ პროგრამებს, კერძოდ, ასაკობრივი პენსიონერების პენსიების გაზრდას, მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, ექთნებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ხელფასების გაზრდას.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 3,132 მლრდ ლარი იქნება და თანხები მოხმარდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, წყალმომარაგების სისტემის განახლებას, სკოლების, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის რემონტსა და მშენებლობას.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 3,085 მილიარდი ლარი იქნება, საიდანაც თანხა მოხმარდება სკოლებისა და საბავშვო ბაღების დაფინანსებას, კომპიუტერებით უზრუნველყოფას და მანდატურებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების გაზრდას, ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლების დაფინანსებას და მეცნიერების განვითარება.
კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 297,6 მილიონი ლარი, საიდანაც თანხა მოხმარდება კულტურული ფასეულობების დაცვას და მუზეუმების შენახვას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სტიპენდიებსა და დახმარებას.
რაც შეეხება სპორტის სამინისტროს, მისი ბიუჯეტი 298,4 მლნ ლარი იქნება და თანხა მოხმარდება სპორტის განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სპორტული დაწესებულებების მხარდაჭერას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 808,1 მლნ ლარი იქნება, საიდანაც თანხა მოხმარდება მეღვინეობის განვითარებას, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებს, მელიორაციას და დაცული ტერიტორიების დაცვას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი კი 947 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც თანხა მეწარმეობის, აეროპორტისა და ანაკლიის პორტის გავითარებას მოხმარდება.
ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 121 მილიონი ლარი იქნება, იუსტიციის სამინისტროს - 442 მილიონი, საგარეო საქმეთა სამინისტროს - 215 მილიონი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კი 226 მილიონი ლარი.
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1,73 მლრდ ლარი იქნება, საიდანაც თანხების ნაწილი მოხმარდება სამხედრო პირების ხელფასების ზრდას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი კი 1,4 მლრდ დოლარი იქნება, რომელშიც გათვალისწინებულია პოლიციელთა ანაზღაურების გაზრდა.
2025 წელს მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 29 მილიონი ლარი იქნება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი კი 109,3 მილიონი ლარი.