2025 წლიდან საქართველოში პენსიები და კომპენსაციები გაიზრდება

დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში 2025 წელს ასაკობრივი პენსია გაიზრდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
როგორც სხდომაზე ხუციშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8,82 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 990 მლნ ლარზე მეტით.
ამასთან, ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია მოსახლეობის სოციალური დაცვა - 6,3 მლრდ ლარზე მეტი, მათ შორის, საპენსიო უზრუნველყოფა – 4,4 მლრდ ლარი.
სამთავრობო პროგრამის შესაბამისად:
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან განისაზღვრება 350 ლარით
70 წელს ზემოთ ასაკის პირთათვის პენსია ასევე იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20%-იანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია - 540 ლარი
ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემელი გაიზრდება 35 ლარით.
გარდა ამისა, იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციის ოდენობებიც, რომელთა დაანგარიშება დაკავშირებულია სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე. სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 035 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 235 ლარით.
2025 წლიდან გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ასევე სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა – 100 მლნ ლარი; დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა – 112 მლნ ლარზე მეტი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა – 268 მლნ ლარი.
ქვეყანაში პენსიები იზრდება წლიური ინდექსაციის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვრიდან - პენსიები ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
2024 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის მოქალაქეების პენსია 315 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში - 380 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 415 ლარს, მაღალმთიან დასახლებებში - 490 ლარს შეადგენს.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.