თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საბიუჯეტო კოდექსში შესწორებებს, რომელიც ეხება სკოლებისა და სახელმწიფო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების სახაზინო მომსახურებაზე გადაყვანას, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე დაჩქარებული წესით იმსჯელა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ცვლილება უკავშირდება 2025 წლის ბიუჯეტს.
„ცვლილება უკავშირდება ორ საკითხს. ერთი არის სკოლების გადაყვანა სახაზინო მომსახურებაზე, რომლის დასრულებასაც 2024 წელს ვფიქრობდით, თუმცა ვერ მოესწრო. დაახლოებით, 1300-მდე სკოლა არის გადაყვანილი სახაზინო მომსახურებაზე და დარჩენილია მხოლოდ 850-მდე სკოლა, რაც 2025 წელს უნდა დასრულდეს.
მისი თქმით, სკოლების პარალელურად, მთავრობამ დაიწყო სახელმწიფო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების გადაყვანაც, რაც 2026 წლამდე უნდა დასრულდეს.