რუსეთში დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები აღმოაჩინეს

საქართველოში დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის და კომპანია „მილტონ-გრუპის“ დამფუძნებლის, დღესდღეობით დიდ ბრიტანეთში მცხოვრები დავით კეზერაშვილის ინტერესებში მომუშავე ე.წ. ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელის უკანონო საქმიანობა აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საქართველოში დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დგას კეზერაშვილი, რომელიც ახლა ისრაელის მოქალაქეა. 2023 წელს კი, ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების შედეგად, ამ დასკვნამდე მივიდა BBC-იც.
„ქოლ-ცენტრები“ იყო საერთაშორისოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ნაწილი, რომელიც საინვესტიციო ტრანზაქციების საფარქვეშ ახორციელებდა მასობრივ თაღლითობას ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბრაზილიის, ინდოეთის, იაპონიის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ“, - ნათქვამია მოხსენებაში.
უწყების ცნობით, უკანონო ქოლ-ცენტრების საქმიანობის შედეგად 50-ზე მეტ ქვეყანაში 100 ათასი ადამიანი დაზარალდა. რუსეთში განთავსებული ქოც-ცენტრების დღიური შემოსავალი 1 მილიონ დოლარს შეადგენდა.
„უშუალოდ რუსეთში ქოლ-ცენტრების ხელმძღვანელები ისრაელისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვინმე კესელმანი და ისრაელისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვინმე ტოდვა იყვნენ. კესელმანი დაკავებულია, ხოლო ტოდვაზე ძებნაა გამოცხადებული", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში რუსეთში ქოლ-ცენტრების საქმეზე 11 ადამიანია დაკავებული - ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ქოლ-ცენტრების საქმე
2021-2024 წლებში საქართველოს პროკურატურამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ რამდენიმე ფართომასშტაბიანი ღონისძიება განახორციელა. ოპერაციებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე ქოლ-ცენტრში, ათობით ეჭვმიტანილის საცხოვრებელ ბინებში, ავტომობილებსა და სამუშაო ადგილებზე. ამოღებულია დოკუმენტები და დიდი ოდენობით თანხა.
საერთო ჯამში, ჯგუფური თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 89 ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის მიმართ.
ყადაღა დაედო 90 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას.
დაზარალებულად აღიარეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასობით მოქალაქე, რომელთა ჯამურმა ზარალმა 30 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პროკურატურა მოსახლეობას მოუწოდებს, თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების შესაძლო ფუნქციონირების შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს.
როგორც 2024 წლის სექტემბერში საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, თაღლითური ქოლ-ცენტრ „მორგან ლიმიტედის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რომლის მეშვეობითაც თაღლითური გზით ხდებოდა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების ფულის მითვისება, დავით კეზერაშვილს, მის დას და დისშვილს 1 მლნ დოლარზე მეტი ჩარიცხა.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია „მორგან ლიმიტედი“ უკრაინის მოქალაქემ დააფუძნა, რომლის ბაზაზეც საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც საქართველოში 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა.
„მორგან ლიმიტედის" საქმეზე 11 პირი იძებნება.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 2023 წლის 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.