რა ოდენობის თანხას ედავებიან კომპანიები საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოებში

სასამართლოებში 13 საქმეზე საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს ხუთი საერთაშორისო კომპანია.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სხვადასხვა ბიზნეს-კომპანია და ბიზნესმენები საარბიტრაჟო სასამართლოებში საქართველოსგან კომპენსაციის სახით ჯამში 1,7 მილიარდ დოლარს მოითხოვენ, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მასალებში.
საერთო ჯამში, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში 13 საქმეა. საქართველოსგან ყველაზე დიდ კომპენსაციას ითხოვენ კომპანია „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი მფლობელი ზაზა ოქუაშვილი, კომპანიების „მაგთის", TELCELL WIRELESS LLC და INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC-ის ყოფილი მფლობელები და კომპანია ENKA Renewables-ი, რომელიც საქართველოში „ნამახვანჰესის" მშენებლობას გეგმავდა. მათ მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის ჯამური ოდენობა 865,4 მილიონი დოლარია.
სასამართლოებში 13 საქმეზე საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს ხუთი საერთაშორისო კომპანია. 2020 წლიდან სახელმწიფომ იურისტებს უკვე გადაუხადა 230 მლნ ლარი. წელს იურისტებისთვის გადასახადი თანხა 66 მლნ ლარს შეადგენს.
3 დეკემბერს თურქულმა კომპანია ENKA-მ საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავა - მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით - მოიგო. არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ ყოფილ ინვესტორს 383,2 მლნ დოლარის ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
სკანდალი „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით უნდა გაზრდილიყო. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმებოდა.
ЕNKA-მ 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ერთ თვეში „ნამახვანჰესის" მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა, იანვარში კი საქართველოში თავისი ოფისები დახურა.
ჰესის მშენებლობამ რიონის ხეობაში მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. 2021 წელს საპროტესტო აქციების ტალღამ საქართველოს ქალაქები მოიცვა და თბილისამდე მოაღწია. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.
„ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა (333 მგვტ და 100 მგვტ სიმძლავრის).