პაპუაშვილი: საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში დღეს შექმნილი ვითარება გამოძახილია იმ პროცესის, რაც ქვეყნის გარშემო ხდება
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში არ იქნება არანაირი არეულობა, ქაოსი და დღის წესრიგის შეცვლა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქვეყანაში საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი იშვიათად იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
„მინდა გავამხნევო მთელი მოსახლეობა, პირველ რიგში კი პარტია „ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩეველი, 1120 000 ადამიანი, რომ ყველაფერი იქნება კარგად", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მმართველი პარტია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, იცავს და აფასებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატს.
„ამ ნდობის გაცრუება არ და ვერ მოხდება. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გამოცხადებული ნდობისთვის და მადლობა ამ ცხელ დღეებში თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, გვესმის და ვაფასებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში დღეს შექმნილი ვითარება გამოძახილია იმ პროცესის, რაც ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს. საქართველო ყოველივე ამისგან აუცილებლად მშვიდობიანად გამოვა, დასძინა პარლამენტის სპიკერმა.
საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები.
7 დეკემბრის საღამოს უცნობი პირები ბესიკის ქუჩაზე თავს დაესხნენ ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ორივე მათგანი კლინიკაშია მოთავსებული. მმართველ პარტიაში ჟურნალისტებზე თავდასხმა დაგმეს და მომხდარს პროვოკაცია უწოდეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა ვანდალიზმისა და ქურდობის შემთხვევები, დაზიანებულია მანქანები, მოტოციკლები და სქროლები. კერძოდ, დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე შემთხვევა: მათ შორის სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში, ღია ბარებში, რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.