ომბუდსმენმა ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტების ბულინგი დაგმო

პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა პირდაპირი ეთერის მოთხოვნით ტელეკომპანიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. არ შეიძლება ჟურნალისტების შეურაცხყოფა, დაბულინგება, რადგანაც ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ და აშუქებენ ისე, როგორც თავად თვლიან საჭიროდ, განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედის" თანამშრომლების ბულინგთან დაკავშირებით.
გარდა იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტები არაერთხელ გახდნენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა თავდასხმის სამიზნე, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანი ეკა კვესიტაძე მათ უცხოეთიდან სანქციებით დაემუქრა, ხოლო პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა პირდაპირი ეთერის მოთხოვნით ტელეკომპანიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
„არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ ვინმეს დამუნათებას, შეურაცხყოფის მიყენებას, დაკნინებას, დაბულინგებას. მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელი არხის ჟურნალისტია. ჟურნალისტი აკეთებს თავის საქმეს, აშუქებს ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ", - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს მოსწონს თუ არა კონკრეტული ჟურნალისტის მუშაობა.
„შეიძლება ჩვენ არ მოგვწონდეს ვინმეს გაშუქებული, შეიძლება მეც არ მომწონდეს ბევრი რამე, რასაც ჩემზე საუბრობენ, მაგრამ ის ასე თვლის, მისი სარედაქციო პოლიტიკა ასეთია და ასე აკეთებს“, - აღნიშნა იოსელიანმა „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, ქვეყანაში პარტიების წარმომადგენლებს ერთმანეთში დიალოგის საშუალება ტელევიზიებშიც უნდა ჰქონდეთ.
„რატომ არის ქუჩაში პროტესტი? იმიტომ, რომ საკანონმდებლო ორგანოში, ტელევიზიებში არ მიდის დიალოგი ამ საკითხებზე. ეს სივრცეები უნდა არსებობდეს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვინც არიან აქტიური ადამიანები, მათ უნდა ჰქონდეთ სივრცეები. თუმცა, რაღაცის იძულება ვინმესთვის არ არის სწორი და ამას გამართლება არ აქვს“, - განაცხადა იოსელიანმა.
ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და მუქარა დაგმო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
„ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი პირის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას. ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, განსაკუთრებით კი ჟურნალისტების მიმართ. თითოეულ მათგანს უნდა შეეძლოს საკუთარი პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულება ყოველგვარი ძალადობისა და დაშინების გარეშე“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ირაკლი ჩიხლაძემ განაცხადა, რომ მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა - „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კერძო ტელეარხთან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, 2007 წელს, როცა ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა" იყო, „იმედი" დაარბიეს და მიითვისეს.
საქართველოს ხელისუფლება ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის მემკვიდრე და სატელიტ- პარტიებს „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებს. მმართველი პარტიის განცხადებით, ბარიერგადალახული ოთხივე პოლიტიკური ძალა, რომლებიც არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებენ, წარმოადგენს „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“.