გახარია: ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს 2025 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მიაღწიოს ევროპასა და აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გვიანი იქნება, განაცხადა ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.
პარტიამ „საქართველოსთვის", ისევე როგორც პარლამენტში შესულმა დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა, უარი განაცხადა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე, მათი თქმით არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ოპოზიციონერთა ჯგუფმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების ბათილად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, თუმცა, სასამართლომ სარჩელები განსახილველად არ მიიღო.
„ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და მერწმუნეთ, ეს ფაზა თუ არ დავასრულეთ ახლა წლამდე, ყოველი შემთხვევისთვის აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდეგ უკვე ეს ძალიან გვიანი იქნება“, - განაცხადა გახარიამ ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ მისი პარტია ახლა კონცენტრირებულად მუშაობს, რათა არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ინსტიტუტების - პარლამენტის და მთავრობის - ლეგიტიმაცია არ მოხდეს.
გახარია დაეთანხმა წამყვანის რეპლიკას იმის თაობაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ამოქმედებამდე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა დაზღვეული იქნას გარკვეული რისკები და ამ ეტაპზე ჩაბეტონდეს, მათ შორის, შტატებსა და ევროპაში ერთობლივი პოზიცია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების არაღიარებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლებას ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვს. ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ტრამპი მოიგებს არჩევნებს, უკრაინაში კონფლიქტი უფრო სწრაფად დასრულდება, შესაბამისად, საქართველოსადმი ინტერესები უფრო სწრაფად შეიცვლება და კვლავ გაუმჯობესდება ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირთან.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს 2025 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.
30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ძირითადი პრინციპები დაარღვია. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას 2009 წელს მოეწერა ხელი.
არჩევნებიდან „მოლოტოვის კოქტეილებამდე"
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის წინასწარი დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ოპოზიციის მხარდამჭერმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურებულია და არ არის საჭირო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საბოლოო დასკვნის ლოდინი. მისი თქმით, ხალხმა არ აღიარა არჩევნები, ოპოზიცია კი არ შედის პარლამენტში და სახეზეა კრიზისი.
მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ოპოზიციამ თავიდანვე იცოდა მოსალოდნელი წაგების შესახებ, ამიტომაც საქართველოში კამპანიის ნაცვლად, საზღვარგარეთ გამართა ვიზიტები მომავალი გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
კობახიძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარა როგორც ეუთომ, რომელიც არის მსოფლიოში არჩევნების შეფასების მთავარი ინსტიტუტი, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები აღარ შეიძლება იყოს.
„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება არც აშშ-მ და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ არ მიულოცეს. რაც შეეხება ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს, მილოცვები მმართველმა პარტიამ მხოლოდ უნგრეთიდან და სლოვენიიდან მიიღო.
არჩევნების შემდეგ სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს, თუმცა, მაშინ ბევრი ხალხის შეკრება ვერ შეძლეს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები.
მაგალითად, 7 დეკემბრის საღამოს უცნობი პირები გრიბოედოვის ქუჩაზე თავს დაესხნენ ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ტელეკომპანიისა და ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნული „ტიტუშკებმა" ჩაიდინეს.
ამასთან, შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა ვანდალიზმისა და ქურდობის შემთხვევები, დაზიანებულია მანქანები, მოტოციკლები და სქროლები. კერძოდ, დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე შემთხვევა: მათ შორის სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში, ღია ბარებში, რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.