საპატრიარქო: მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს და ალაგმოს მსგავსი ქმედებები

საპატრიარქო მიმართავს საზოგადოების ყველა წევრს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და შეხედულებისა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და კეთილგონიერება.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, საღამოს, ბესიკის ქუჩაზე უცნობი ნიღბიანი პირები ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ორივე მათგანი უკვე გადაყვანილია კლინიკაში. ასევე, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კობა ხაბაზისა და მსახიობ გიორგი მახარაძის ცემის კადრები. ყველა თავდასხმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე მოხდა.
საპატრიარქოს განმარტებით, „ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში", - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო მიმართავს საზოგადოების ყველა წევრს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და შეხედულებისა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და კეთილგონიერება.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მას შემდეგ ოპოზიცია, მათი მომხრეები ყოველ საღამოს იკრიბებიან და აპროტესტებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა კერძო პირთა და მერიის ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 18 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
ცხრა მათგანს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე აფეთქების მოწყობაში წაუყენა. რვა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უწოდეს იმის საბოლოო მტკიცებულება, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.