თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრები, რომლებზეც გუშინ თავდასხმა განხორციელდა, ინგოროყვას კლინიკაში რჩებიან, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი".
გუშინ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე უცნობი ნიღბიანი პირები ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ორივე მათგანი უკვე გადაყვანილია კლინიკაში. ასევე, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კობა ხაბაზისა და მსახიობ გიორგი მახარაძის ცემის კადრები. ყველა თავდასხმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე მოხდა.
როგორც ექიმმა ნინო ხარაიშვილმა განმარტა, გიორგი შეწირულს ტვინის შერყევა, ხოლო მაკა ჩიხლაძეს თავრბუსხვევა და სისხლჩაქცევები აღენიშნება.
„მაკას და გიორგის მდგომარეობა ამ დროისათვის არის სტაბილური. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთია: მაკას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, ასევე თვალის არეში კონექტიური სისხლჩაქცევა. საბედნიეროდ, მხედველობის სიმახვილე არ არსი დაქვეითებული. ამ მომენტითვის თავს დამაკმაყოფილებმად გრძნობს. თავის ტვინის ტომოგრაფიული დათვალიერებით მას თავის ტვინის ძვლოვანი სტრუქტუების დაზიანება არ აღენიშნება. აქვს მუხლის დაჟეჟილობა”, - განაცხადა ხარაიშვილმა.
რაც შეეხება გიორგი შეწირულს, მედიკოსის ცნობით, მას აღენიშნებოდა კისრის არეში დაახლოებით ორსანტიმეტრიანი სისხლმდენი ჭრილობა, რომელიც დამუშავდა და გაიკერა. კლინიკაში შეყვანისას მას აღენიშნებოდა თავსბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი. შესაბამისად, მოთავსდა თავის ტვინის შერყევით ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში. ტრავმული დაზიანება გამოირიცხა.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციიდან ინგოროყვას კლინიკაში სულ 10 ადამიანი შეიყვანეს, ყველა მათგანს კვლევები ჩაუტარდა. 3 პაციენტი კლინიკიდან გაეწერა, 7 კი სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მეათე დღეა მოქალაქეები ყოველ საღამოს იკრიბებიან და აპროტესტებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა კერძო პირთა და მერიის ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 18 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
ცხრა მათგანს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე აფეთქების მოწყობაში წაუყენა. რვა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.