პრემიერ-მინისტრმა საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებზე თავდასხმა პროვოკაციად შეაფასა

როგორც პრემიერმა აღნიშნა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელმაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა პროვოკაციაა, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს, აღნიშნული დანაშაულის გამოძიება დაწყებულია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
გუშინ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე უცნობი ნიღბიანი პირები ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ორივე მათგანი უკვე გადაყვანილია კლინიკაში. მმართველ პარტიაში ჟურნალისტებზე თავდასხმა დაგმეს და მომხდარს პროვოკაცია უწოდეს.
„პირველ რიგში, მინდა გავაკეთო განცხადება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად, ეს არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამართავს ბრიფინგს, სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელმაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა. ასეთი ფაქტები ხელს აძლევს მხოლოდ რადიკალებს, რომელთა მთავარი მიზანი არის ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში", - განაცხადა პრემიერმა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.