თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს, ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში, ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს.
გუშინ, საღამოს, ბესიკის ქუჩაზე უცნობი ნიღბიანი პირები ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ორივე მათგანი უკვე გადაყვანილია კლინიკაში. ასევე, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კობა ხაბაზისა და მსახიობ გიორგი მახარაძის ცემის კადრები. ყველა თავდასხმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე მოხდა.
ჯაღმაიძის თქმით, უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში ურთიერთსიძულვილის ენამ და დაუნდობელმა დაპირისპირებამ გადაფარა საღი აზრი და ერთობის გრძნობა.
„თავისი სიმძიმით, ეს ფაქტი სცილდება პოლიტიკური შეხედულებების მიმართ განსხვავებულობას, სრულიად აპოლიტიკური საზოგადოების შეშფოთებასაც იწვევს და ზოგადად აჩენს დაუცველობის განცდას. სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეძლოს ყველა ზომის მიღება, იმისათვის რომ მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება და სრულიად გამოირიცხოს მსგავსი შემთხვევის განმეორება მომავალში", - დაწერა ჯაღმაიძემ.
მან საზოგადოებას სიმშვიდისკენ და ურთიერთდანდობისკენ მოუწოდებს. უნდა ვიზრუნოთ დაძაბულობის ჩაცხრობაზე, ნუ წავაქეზებთ ჩვენს შვილებს ერთმანეთის წინააღმდეგ, დასძინა დეკანოზმა.
„დღეს ზედმეტია თავის მართლების და რადიკალური პოზიციის დაკავება, რაც არ უნდა სხვაობა იყოს შეხედულებებში. როგორ ვართ მართალები, თუ ერთმანეთისადმი სიძულვილი გვიპყრობს? პასუხისმგებლიანი საზოგადოება ერთმანეთზე ზრუნვის ნიშნებს არ უნდა კარგავდეს. ღმერთმა ინებოს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მეათე დღეა მოქალაქეები ყოველ საღამოს იკრიბებიან და აპროტესტებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა კერძო პირთა და მერიის ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 18 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
ცხრა მათგანს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე აფეთქების მოწყობაში წაუყენა. რვა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.