თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა პოტენციურ ინვესტორებთან ყოველდღიურ კონსულტაციებს მართავს და ქვეყანაში ყველა ეკონომიკური პროექტი განხორციელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ინვესტორების განწყობების შესახებ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის პირობებში. 28 ნოემბრიდან ქვეყანაში აგორდა საპროტესტო აქციები ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ჩაიხსნას.
„გაგრძელდება ყველა ეკონომიკური პროექტის განხორციელება, შემოვა ინვესტიციები. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გვინდა, რომ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოვიზიდოთ მინიმუმ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ძალიან კარგი მენეჯმენტი ჰყავს ძალიან ეფექტური მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის სახით.
„ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტრო და მთლიანად მთავრობა აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კობახიძემ.
დაზუსტებული მონაცემებით, 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 15%-ით შემცირდა და 1,9 მლრდ დოლარი შეადგინა.