ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

გვარამია 4 დეკემბერს „გირჩისა“ და „დროას“ პარტიების ოფისთან დააკავეს, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ახალის" და გაერთიანების „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - პოლიტიკოსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
გვარამია 4 დეკემბერს „გირჩისა“ და „დროას“ პარტიების ოფისთან დააკავეს, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა. პოლიტიკოსმა კატეგორიულად მოითხოვა მისი კოლეგების ოფისში შეშვება, მიუხედავად იმისა რომ საგამოძიებო ღონისძიებები უკვე დაწყებული იყო და ადგილზე იმყოფებოდა ორგანიზაციის წარმომადგენელი. სიტყვიერი შელაპარაკება შეურაცხყოფასა და შეტაკებაში გადაიზარდა.
სასამართლო პროცესზე საძაგლიშვილმა სხდომის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე მისთვის საქმის მასალების გადაცემის გამო გვარამიას საქმეზე სხდომის გადადება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„ძირითადად, მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ვიცოდით, რომ სპექტაკლში რეალურად ვმონაწილეობდით.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. ვიყავი არა სასამართლო სხდომაზე, არამედ მონაწილეობის მიღება მიწევდა სამწუხაროდ, სპექტაკლში“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდება თუ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ლიდერების ან სხვა პირების დაპატიმრება თბილისისა და მთლიანად საქართველოს ქუჩებში უპრეცედენტოდ ძლიერ საპროტესტო მუხტს ჩააქრობს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ აქციები არის ქართველი ხალხის და არა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, ხოლო აქციების ერთადერთი მიზანი - სამშობლოს გადარჩენაა.
როდესაც ჩხრეკა დაიწყო, პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პოლიციელებს განუცხადა, რომ არის ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას იღებს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თავად განუცხადა.
საპროტესტო ტალღა საქართველოში 28 ნოემბერს დაიწყო, ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღონ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. აქციები პერმანენტულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
საღამოობით პარლამენტთან ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქციები არეულობით სრულდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები ინფრასტრუქტურას აზიანებდნენ, ძალოვანებს ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“ და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრის შემდეგ მოქმედებები მშვიდობიანი იყო. ამას წინ უძღოდა ჩხრეკა მოძრაობა „ჯუთების", ოპოზიციური პარტიების "დროას" და "გირჩის" ოფისებში, ასევე ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ორგანიზაციაში. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები, „მოლოტოვის კოქტეილები“, კომპიუტერები და სხვ.
შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 18 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
ცხრა მათგანს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე აფეთქების მოწყობაში წაუყენა. რვა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.