სირცხვილია უწოდო მშვიდობიანი აქცია პიროტექნიკის არტილერიულ სროლას - პაპუაშვილი

პაპუაშვილმა იგივე უსურვა ყველა იმ უცხოელ პოლიტიკოსს, რომლებმაც თბილისში მიმდინარე მოვლენებს მშვიდობიანი აქციები უწოდეს.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ევროპელმა პოლიტიკოსებმა თავიანთი დუმილით ჯერ წაახალისეს ძალადობრივი საპროტესტო აქციები, შემდეგ კი „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა და პოლიციელების მისამართით მაშხალებით საარტილერიო ცეცხლის გახსნა მშვიდობიან პროტესტად შერაცხეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი აღარ იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
„უბრალოდ სირცხვილია, როდესაც მშვიდობიანად აფასებ, მშვიდობიან აქციას უწოდებ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და მაშხალებით არტილერიული ცეცხლის გახსნას პოლიციისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, უცხოელი პოლიტიკოსები თავისი დუმილით ძალადობას ახალისებდნენ.
„სინამდვილეში, ყოველი მეორე დღე ძალადობისა წახალისებული იყო იმ სიჩუმით, რომელსაც ჩვენ ვხედავდით ევროპელი თუ სხვა პოლიტიკოსებისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, მან იგივე უსურვა ყველა იმ უცხოელ პოლიტიკოსს, რომლებმაც თბილისში მიმდინარე მოვლენებს მშვიდობიანი აქციები უწოდეს.
„თუკი ვიღაცა მართლა ფიქრობს, რომ მაშხალების სროლა პოლიციელებისთვის, ქვების სროლა პოლიციელებისთვის, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა პოლიციელებისთვის - ეს არის მშვიდობიანი აქცია, ყველა ამ ადამიანს ვუსურვებ, რომ ასეთი მშვიდობიანი აქციები ჰქონდეთ ყოველ დღე საკუთარ ქვეყანაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს ხელი.
საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 23 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 13 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.