თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ბოლო დღეებში უცხოეთიდან დაფინანსებულმა ოპოზიციამ საქართველოში „მაიდანის“ მოწყობა სცადა, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი აღარ იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
„ბოლო დღეების განმავლობაში იყო მცდელობა ე.წ. მაიდანის მოწყობის, მაგრამ გაცვეთილია ეს პროცესი. ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, დღესდღეობით აქციები მშვიდი ხასიათის იმიტომ არის, რომ პოლიციამ პოლიტიკური პარტიების ოფისებიდან ის პიროტექნიკა და სხვა საგნები ამოიღო, რაც აქციებზე უნდა გამოყენებულიყო.
„რადიკალურ ოპოზიციას უცხოეთიდან აფინანსებენ და პოლიტიკური პარტიები ასაზრდოებენ, თორემ გუშინ და დღეს რატომ არ ხდებოდა პიროტექნიკის გამოყენება და პოლიციელებს დაზიანება, მოლოტოვის კოქტეილების სროლა - რადგან ამოიღეს პარტიების ოფისებიდან და ახლა უკვე მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი გახდა ეს პროცესები“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.