თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. მთავარი საახალწლო ნაძვის ხე თბილისში დამონტაჟდება, ხოლო როდის გაიმართება მისი ანტების ცერემონია, საზოგადოებას რამდენიმე დღეში გეცნობება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მერიის მიერ ორგანიზებული პირველი საახალწლო ღონისძიება, ნაძვის ხის ანთების ცერემონია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 6 დეკემბერს უნდა შემდგარიყო. თუმცა, საპროტესტო აქციების გამო მერიამ ნაძვის ხის მონტაჟი გადაწია.
„საახალწლო თემას რაც შეეხება, რამდენიმე დღეში მოგაწვდით უკვე ზუსტ ინფორმაციას, როდის იქნება ნაძვის ხის ანთება. მას ძალიან ბევრი პატარა ელოდება. ნაძვის ხე დედაქალაქში, რა თქმა უნდა, დაიდგმება, ქალაქი იქნება მორთული და პატარებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილები ჩაიფიქრონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქში ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით მუქარის შემცველი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ნაძვის ხეებს ქალაქებში ომის დროსაც ანთებენ და ამის მაგალითია უკრაინა.
„მე, ასევე, ვისმენ კონკრეტულ განცხადებებს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმ რადიკალების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ სხვადასხვა ქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, ომის დროსაც კი იდგმება საახალწლო ნაძვის ხე იმისთვის, რომ ადამიანებს, პატარებს მაქსიმალურად შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ასეთი რამ უკრაინაშიც ბევრჯერ გვინახავს“, - განაცხადა კალაძემ.
მანამდე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განაცხადა, რომ თბილისის მერია „საშობაო სოფლის“ მოწყობასა და ახალი წლის ღამეს გალა-კონცერტის ჩასატარებლად 8,6 მილიონ ლარს დახარჯავს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი აღარ იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 26 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 16 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.