თბილისი, 6 დეკემბერი— Sputnik. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი აღარ იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ "დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნია, რომ სავარაუდოდ, ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა".
ბრალდების მხარე ყველა მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფუძველი არსებობდა.
დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს სხვადასხვა ოდენობის გირაოს (3.000-10.000 ლარის ) გამოყენებას სთავაზობდნენ.
ადვოკატების თქმით, დაკავებულებს სოციალურ ქსელებში „პოსტებს" ედავებიან.
დაკავებულები - ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ.
ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ოთხს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 26 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 16 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.