ამჟამინდელ პროტესტს შინაარსი არ გააჩნია - პარლამენტის თავმჯდომარე აქციების შესახებ

ვერავინ ახერხებს თქვას და დაასახელოს ის კონკრეტული და ხელშესახები ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს საქართველოს, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს, განაცხადა პაპუაშვილმა
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. ამჟამინდელ პროტესტს შინაარსი არ გააჩნია, რადგან არ არსებობს არც ერთი ფაქტორი, რომ ევროკავშირი სთავაზობდეს ქვეყანას წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობდეს ამაზე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი აღარ იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
„მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი. ამიტომაც, არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს.
„ვერავინ ახერხებს თქვას და დაასახელოს კონკრეტული და ხელშესახები ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს. ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მხოლოდ 2030 წელს გაჩნდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების გეგმა სწორედ ამ თარიღზეა მიმართული.
„მოლაპარაკებების გახსნა ევროპული სტრუქტურების ხელშია. საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს და ყველაზე მეტად მზადაა პროცესის დასაწყებად. გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეეცდება დაანახოს ოპოზიციურ ამომრჩეველს თავისი სიმართლე, რათა მათ შეძლონ შეადარონ მმართველი გუნდის მოქმედება „იმ უმსგავსო და უპასუხისმგებლო საქციელს, რასაც სჩადის მათ მიერ არჩეული პარტიები“.
„ვფიქრობთ, რომ საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა იმისათვის, რომ ემოციები ჩაცხრეს, ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, ისევე როგორც კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკური პარტიებიც და მათი მხარდამჭერებიც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს ხელი.
საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 23 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 13 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.