თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში პოლიციის მიერ ჩატარებულმა დაკავებებმა და ჩხრეკებმა ნათლად აჩვენა რეალურად თუ ვინ დგას თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ძალადობისა და არეულობის უკან და ვინ არის პასუხისმგებელი დაზარალებულებზე, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა სოციალური ქსელში.
4 დეკემბერს პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკები და დაკავებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მონაწილეობის თაობაზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩაატარა. სამართალდამცველებმა ამოიღეს პიროტექნიკა, აირწინაღები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და კომპიუტერები. პოლიციის ქმედებების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციამ, ბოლო დღეების მანძილზე პირველად ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, პიროტექნიკის გამოყენებისა და ბარიკადების აღმართვის გარეშე.
„გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი - როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებელვეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო” მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა", - დაწერა წილოსანმა.
დეპუტატმა ასევე პატივისცემა გამოხატა სამართალდამცავების მიმართ და აღნიშნა, რომ სწორედ ისინი იცავდნენ 2008 წელს ქვეყანას, ხოლო ოპოზიცია კი გარბოდა ქვეყნიდან.
„პოლიციელი გმირია! ჩემი პატივისცემა ყველა პოლიციელს, სპეცრაზმელს და სამართალდამცავს. 2008 წელს ეს ბიჭები ჩვენს ქვეყანას რომ იცავდნენ, თქვენ სად გარბოდით ლაჩრებო?!", - დაწერა წილოსანმა.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ სპეცრაზმი პროვოცირებას უწევს მომიტინგეებს, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად აპროტესტებენ „არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებს“.
ორშაბათს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ძალოვანებს ამფეტამინს ან სხვა ნარკოტიკებს ურიგებენ, რაც განაპირობებს საპროტესტო აქციებზე ზედიზედ რამდენიმე ღამე მათ გამძლეობას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის არასტაბილური ემოციური მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა სრულდება.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ამ საკითხს შანტაჟის იარაღად იყენებს.
ამასთან, მმართველ პარტიაში განმარტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას და რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და აშშ-ის საელჩომ განაცხადეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა ქვეყნის პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირაში განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.