საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი გაიზარდა

დღეისთვის ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენება შეზღუდული არ არის, მოქმედებს მხოლოდ მისი არასრულწლოვნებისთვის მიყიდვაზე აკრძალვა.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 10 თვეში პიროტექნიკის იმპორტი, გასულ წელთან შედარებით, 62,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
პიროტექნიკის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გახდა - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
„საქსტატის" ცნობით, 1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის პერიოდში საქართველოში 6,3 მლნ დოლარის 812 ტონა პიროტექნიკის იმპორტი განხორციელდა. ყველაზე მეტი პიროტექნიკა შემოვიდა ბულგარეთიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და ავსტრიიდან.
დღეისთვის ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენება შეზღუდული არ არის, მოქმედებს მხოლოდ მისი არასრულწლოვნებისთვის მიყიდვაზე აკრძალვა.
პარლამენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო მუშაობა პიროტექნიკის გამოყენების წესების შემუშავებაზე და შესაძლო შეზღუდვებზე მსჯელობა. თუმცა, დეპუტატები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეკონომიკური პირობებისა და ალტერნატივის ძიების გამო ქვეყანაში პიროტექნიკის შემოტანის სრულად აკრძალვა შეუძლებელია.