თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე მყოფი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში განმარტეს, სამსახური ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს. შემთხვევის ადგილებზე განთავსებული კერძო და საჯარო ობიექტებიდან, ისევე როგორც სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან დაწყებულია ვიდეომასალის გამოთხოვის პროცესი.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
„სამსახურმა, ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ისე მედიის წარმომადგენლები. სამსახური მუდმივ რეჟიმში განაგრძობს შეტყობინებების მიღებას. თითოეულ შეტყობინებაზე, სამსახურის არსებული რესურსის მაქსიმალური გამოყენებით ხდება სწრაფი სამართლებრივი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი (მათ შორის 5 ჟურნალისტი), 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.
გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრიდან გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებმაც აქციაზე დაშავებულ პირებს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. ასევე კლინიკებიდან გამოთხოვნილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელთაც საპროტესტო აქციაზე დაშავების შემდეგ გაეწიათ ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება.
სამართალდამცავების გამოკითხვის მიზნით, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შეგროვება.
გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე უწყება საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ათასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის.
შსს-ს მონაცემებით, თბილისში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა.