საეკლესიო კალენდარი: 5 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 დეკემბერს მოციქულთა: ფილიმონისა და არქიპოს - 70-თაგანისა და მოწამისა მოციქულთა სწორისა აპფიას, მოწამე პროკოფი წიგნისმკითხველის, მოწამე მენიგნის, მიხეილ ტვერელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik - საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
მოციქულები ფილიმონი და არქიპო- 70-თაგანი და მოწამე მოციქულთა სწორი აპფია
წმიდა მოციქული ფილიმონი და მეუღლე მისი აპფია ფრიგიის ქალაქ კოლოსეში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულის ხელით ნათელიღეს, წმიდანებმა თავიანთი სახლი სამლოცველოდ აქციეს, სადაც მართლმორწმუნენი იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. მოციქული ფილიმონი ქალაქ ღაზის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მთელს ფრიგიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. პავლე მოციქულმა ნეტარს გაუგზავნა სიყვარულით სავსე ეპისტოლე, რომელშიც წერს: „ფილიმონს, საყუარელსა და თანაშემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა და სახლისა შენისა კრებულთა“ (ფილიმ. 1, 1-3). წმიდანები ფილიმონი, აპფია და წმიდა მოციქული არქიპო მოწამეობრივად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) მიერ ქრისტიანთა დევნისას. წარმართული დღესასწაულის დროს ქრისტიანულ ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა, გააფთრებული ბრბო შეცვივდა. ყველანი დაფრთხნენ და დაიფანტნენ, დარჩნენ მხოლოდ: ფილიმონი, არქიპო და აპფია. უღმერთოებმა შეიპყრეს ისინი. გამხეცებული წარმართების მიერ სასტიკად ნაგვემმა და დანებით დასერილმა არქიპომ სამსჯავრომდე ვერ მიაღწია - გზაშივე გარდაიცვალა, წმიდა ფილიმონი და აპფია კი მმართველის ბრძანებით ქვებით ჩაქოლეს.
წმიდა მოწამენი: კიკილია (ცეცილია), ვალერიანე, ტიბურტი და მაქსიმე
წმიდა მოწამე კიკილია მდიდარი და დიდებული წარმართების ასული, სიყმაწვილეშივე შეუდგა ქრისტეს. მდიდრული ტანსაცმლის ქვეშ წმინდანს ჯვალოს სამოსი ეცვა. მშობლებმა გადაწყვიტეს, ქალწული დიდებული წარმართის, ვალერიანესთვის მიეთხოვებინათ. წმიდანმა ვერ გაბედა მშობლების ნებას წინ აღდგომოდა, მან ცრემლებით შესთხოვა უფალს, მისი საქმრო ქრისტიანობაზე მოექცია, თავად მას კი უბიწოების დამარხვაში შესწეოდა.
წმიდანმა ვალერიანე ეპისკოპოს ურბანოსთან მისვლაზე დაიყოლია, რომელიც ქრისტიანთა დევნის გამო მღვიმეს აფარებდა თავს. ბრძენი მოძღვრის ქადაგების გავლენით წმიდა ქალწულის წარმართმა საქმრომ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და თავისი ძმა, ტიბურტიც მოაქცია მაცხოვრის სარწმუნოებაზე.
როცა მმართველმა ამაქმა ამის შესახებ შეიტყო, ბრძანა, შეეპყროთ და სამსჯავროზე წარედგინათ წმიდა ძმები. მან ველერიანესა და ტიბურტის ქრისტეს უარყოფა და წარმართული ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც მათ უარით უპასუხეს. მაშინ მოწამეები სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს.
მეორე დღეს ვალერიანესა და ტიბურტის თავი მოჰკვეთეს, მაქსიმემ საჯაროდ განაცხადა, რომ ისიც ქრისტიანი იყო, ამგვარი კადნიერებისთვის იგი სულის ამოხდომამდე სცემეს (+230).
მმართველს სურდა, სიკვდილით დასჯილთა ქონება მიეთვისებინა, მაგრამ როცა შეიტყო, რომ წმიდა კიკილიას უკვე გლახაკებისთვის დაერიგებინა ყველაფერი და თავისი ქადაგებით ოთხასი კაცი მოექცია ქრისტიანობაზე, მისი სიკვდილით დასჯაც ბრძანა.
წმიდა მოწამე მენიგნი
წმიდა მოწამე მენიგნი უბრალო ხელოსანი იყო. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღვსილ წმინდა მენინგის უფალმა განსაკუთრებული წყალობა მიმადლა: ნეტარმა ორჯერ გაიგონა ზეციური ხმა, რომელმაც ქრისტესთვის მოწამეობრივი აღსასრულისკენ მოუწოდა. იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნისას ერთი ასეთი სასწაული აღესრულა: ანგელოზმა პყრობილი ქრისტიანები ციხიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ რომ შეიტყო, მენიგნი სიხარულით აღივსო და მთელი გულით შეიყვარა ქრისტე. მას მოაგონდა ზეციური მოწოდება ქრისტესთვის მარტივლობისკენ, დახია მოედანზე გამოკიდებული უსჯულო დეკიუსის ბრძანება მართლმორწმუნეთა დევნის შესახებ და საჯაროდ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს (+250). აღსასრულის წინ მოწამის ბაგეებს თეთრი მტრედი მოსწყდა.
ღირსი აგაბო ისმაიტელი
ღირსი აგაბო ისმაიტელი სირიაში მოღვაწეობდა. იგი ღირსი ევსების მორჩილი იყო, წმიდანი მუდამ ფეხშიშველი დადიოდა, წელზე ჯაჭვებს ატარებდა, არ წვებოდა. მუდმივი შინაგანი ლოცვისა და მდუმარების ოცდათვრამეტ წლიანი ღვაწლის შემდეგ უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა.
მართალი მიქაელ მხედარი, ბულგარელი
მართალი მიქაელ მხედარი ბულგარელი იყო. იგი ბავშვობიდანვე კეთილმსახურებით იღვწოდა. არსებობს გადმოცემა, რომ წმიდა მიქაელმა ლოცვით მოკლა საშინელი გველეშაპი, რომელიც ადამიანებს იტაცებდა. წმიდანი მშობლიურ ქალაქ პოტუკში გარდაიცვალა 886 წელს. აქედან მისი უხრწნელი ნაწილები ქალაქ ტირნოვოში გადაასვენეს, XIX საუკუნის დასაწყისში კი - ვლახეთში.
კეთილმორწმუნე მიხეილ ტვერელი
კეთილმსახური მთავარი მიხეილ ტვერელი წმიდა ალექსანდრე ნეველის ძმისწული იყო. იგი დაიბადა 1272 წელს.
მიხეილი ტვერის სამთავროს ტახტზე ძმას, სვიატოსლავს შეენაცვლა. წმიდა მთავრის ღვთივსათნო ცხოვრების მოშურნე და საკუთარი ამბიციებით გონებადაბინდულმა მოსკოვის მთავარმა იურიმ ჯერ ომი დაიწყო ტვერის სამთავროს წინააღმდეგ, შემდეგ კი, დამარცხებით გაბოროტებულმა, ცილისმწამებლური ბრალდებებით ოქროს ურდოში დაასმინა წმიდა მიხეილი. განრისხებულმა ხანმა თავისთან იხმო წმიდანი. უფლის რჩეულმა არ ისურვა, ხანთან უთანასწორო ბრძოლაში რუსი მეომრების სისხლი დაეღვარა და მორჩილებით გაემართა ოქროს ურდოში, სადაც უეჭველი სიკვდილი ელოდა. ურდოში წმიდა მთავარს ხანის ურჩობაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. ის მახვილით განგმირეს და გული ამოაჭრეს (+1318)
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით