როდის დასტაბილურდება ლარი - ექსპერტის პროგნოზი

ექსპერტის თქმით, ახლა სებ-ი რეზერვებს არ ხარჯავს და ამის საჭიროება არც არის, ვინაიდან ადგილი აქვს წმინდა აჟიოტაჟურ ქცევას
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდება, როგორც კი ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დამშვიდდება, განაცხადა გამოცემა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ეროვნული ვალუტა 3,8%-ით გაუფასურდა. ჯერ კიდევ 28 ნოემბერს, ქუჩის პროტესტის დაწყების დღეს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით იყო 2,7422 GEL/$1, ხოლო 5 დეკემბერს - 2,8468 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
„მინდა მივმართო მოქალაქეებს, არ ავყვეთ პანიკას. ვითარება დამშვიდდება. როგორც კი პოლიტიკური ვითარება დამშვიდდება ლარის კურსის დასტაბილურდება. როგორც წესი, დეკემბერში დოლარში შემომავალი ნაკადები არის მაღალი და ეს ნაკადები უზრუნველყოფს ლარის სტაბილურობის მაჩვენებელს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
ექსპერტის თქმით, ახლა სებ-ი რეზერვებს არ ხარჯავს და ამის საჭიროება არც არის, ვინაიდან ადგილი აქვს წმინდა აჟიოტაჟურ ქცევას და ბაზარზე ვალუტა თავისუფლად ივაჭრება.
„განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისგან, როდესაც ეროვნული ბანკი აწვდიდა ბაზარს უცხოურ ვალუტას, ვინაიდან მაგ პერიოდში პანიკურად ხდებოდა შესყიდვა. ახლა ასეთი პანიკური ტიპის შესყიდვა არ არის და უცხოური ვალუტა გამქრალი არ არის, ვინაიდან შემომავალი ნაკადები ძალიან მაღალია", - განაცხადა აბაშიშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი სწორად იქცევა რეზერვების შევსების ან გაყიდვის კუთხით.
„ეროვნული ბანკი ახლაც სწორად იქცევა, როცა ჩათვალა საჭიროდ, რეზერვები გაყიდა. იყო პერიოდი, როცა ეროვნული ბანკი ახდენდა რეზერვების შესყიდვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის რეზერვები, რაც ნოემბერში რეკორული ტემპებით გაყიდა - ათეული მილიონის რეზერვი, ეროვნულმა ბანკმა მათი გამოსყიდვა დაიწყო. რეზერვების დაგროვების სრული პროცესი მიდიოდა - რომ არ მომხდარიყო ეს ფაქტი, რომელიც ახლა გვაქვს", - განაცადა აბაშიშვილმა.
მარეგულირებელმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით რამდენიმე სავალუტო აუქციონი გამართა. ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, რეზერვები 85,7 მლნ დოლარით შეავსო. ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502,2 მლნ დოლარია.
როგორც რეგულატორმა აღნიშნა, გაგრძელდება რეზერვების შევსების პროცესი სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამას შესაძლებელს გახდის.
2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით საერთაშორისო რეზერვებმა, წინასწარი მონაცემებით, 4,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი დონეა 2022 წლის ივნისის შემდეგ. ოქტომბერში რეზერვები 627,5 მლნ დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, მათ შორის აუქციონებზე 382,1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.
2023 წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.