ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარედგინა

Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი— Sputnik. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე ბრალდება 9 პირს წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 225-ე და 18-229-ე მუხლებით წარედგინათ, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. დაზიანდა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი აღარ იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 23 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 13 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილების პასუხად - 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - მათ განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა ქვეყნის პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.
საპროტესტო ტალღა არ წყდება, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რათა 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო იყოს სათანადოდ მზად ეკონომიკური თვალსაზრისით 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს ხელი.