პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა

გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ პრეზიდენტი ერთპიროვნულად იღებს.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.
უწყების ცნობით, შეწყალებული პირებიდან სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის ერთი ქალი მსჯავრდებულია.
4 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალების აქტი ასევე შეეხო 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.