ომბუდსმენი: დაკავებულები პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებენ

სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტად განაგრძობს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულების პროცესს.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა 188 პირმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ისინი პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არიან, განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
„ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს. სამწუხაროა, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს 188 მოქალაქე. ეს ძალზე შემაშფოთებელი ციფრია", - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტად განაგრძობს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულების პროცესს.
„მინდ იცოდეთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, ბაღდადში, ზესტაფონში, სამტრედიაში, მცხეთაში, ბაკურიანში, ხაშურში, გურჯაანში, სიღნაღში, საგარეჯოსა და დუშეთში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამოქალაქო კლინიკებში“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
ომბუდსმენმა ხელისუფლებას მოუწოდა „თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან" და კანონდამრღვევთა წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გაატარონ.
მან მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს მიმდინარე გამოძიების პროცესი წარმართონ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ზედმიწევნით დაიცვან თითოეული პირის საპროცესო უფლება, გარანტიები და მოახდინონ საზოგადოების დროული ინფორმირება.
დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უწყებაში სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე შევიდა შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ისე მედიის წარმომადგენლები. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 140 პირი, 42-ს კი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.
საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
საპროტესტო ტალღა არ წყდება, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რათა 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო იყოს სათანადოდ მზად ეკონომიკური თვალსაზრისით 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს ხელი.