თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საქართველოში ყველა მხარეს მოუწოდეს თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება შემდგომი ძალადობა გამოიწვიოს, განაცხადა გაეროს გენმდივნის პრეს-სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
„გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა და შეეცადონ დაძლიონ უთანხმოება დიალოგის გზით“, - განაცხადა დუჟარიკმა.
მისი თქმით, გაერო შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს უსვამს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას.
როგორც დუჟარიკა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა დროულად და სრული გამჭვირვალობით იქნას გამოძიებული.
მანამდე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ მკაცრად გმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას აქციის მონაწილეების მიმართ და ემზადება ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება, ძირითადი ეპიცენტრი კი თბილისში რუსთაველის გამზირია, სადაც ყოველ საღამოს19:00 საათისთვის პარლამენტთან იკრიბება ათასობით ადამიანი - მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ სპეცრაზმი პროვოცირებას უწევს მომიტინგეებს, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად აპროტესტებენ „არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებს“.
ორშაბათს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ძალოვანებს ამფეტამინს ან სხვა ნარკოტიკებს ურიგებენ, რაც განაპირობებს საპროტესტო აქციებზე ზედიზედ რამდენიმე ღამე მათ გამძლეობას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის არასტაბილური ემოციური მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა სრულდება.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.
ხელისუფლების გადაწყვეტილების პასუხად - 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და აშშ-ის საელჩომ განაცხადეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა ქვეყნის პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირაში განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.